გაერთიანებული სამეფო გეგმავს, უკრაინა მოამარაგოს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით, „სტარსტრიკებით“ (Starstreak).
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა გაავრცელა და განაცხადა, რომ „სტარსტრიკი“ „თავდაცვითი იარაღის“ განმარტებაში ჯდება.
უოლესის თქმით, უკრაინის თხოვნაზე პასუხად, ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, განიხილოს „სტარსტრიკების“ „დონაციის შესაძლებლობა“.
„სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს შესაძლებლობა … ჩაახშოს რუსული საჰაერო თავდასხმა“, – განაცხადა უოლესმა.
თავდაცვის მდივნის განცხადებით, მთავრობა ახლა მუშაობს გზებზე, თუ როგორ მიაწოდოს ეს იარაღი უკრაინელებს და როგორ გაწვრთნას უკრაინელი ძალები, რათა ამ იარაღის გამოყენება შეძლონ.
რა არის Starstreak?
ეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ბრიტანული კომპანია Thales-ის წარმოებისაა და ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში იწარმოება.
სამხედრო ანალიტიკოსისა და შეიარაღების სპეციალისტის, გიგა ინაშვილის თანახმად, Starstreak „მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საზენიტო სისტემაა“ დაბალ სიმაღლეებზე მფრენი ვერტმფრენების და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად.
გიგა ინაშვილის თქმით, 14 კგ-იანი რაკეტის სიჩქარე, – რომელიც ლაზერული არხით SACLOS (Semi-automatic command to line of sight) რეჟიმში იმართება, – 3,5 მახია, რაც „ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია“.