რუსეთი უზრუნველყოფს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და მოკავშირეების დაცვას, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერნეციისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„როგორც ადრე, რუსეთი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას კოორდინირებულ ერთობლივ მუშაობაში, თავის მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რათა გააუმჯობესოს საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული მექანიზმები და შექმნას ახალი, თანმიმდევრულად გააძლიეროს ეროვნული შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების სხვა სტრუქტურები, მათი თანამედროვე იარაღით და სამხედრო ტექნიკით აღჭურვით. უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ისევე როგორც ჩვენი მოკავშირეების დაცვა, გადავდგათ სხვა ნაბიჯები უფრო დემოკრატიული სამყაროს მშენებლობისკენ, სადაც გარანტირებულია ყველა ხალხის უფლებები და კულტურულ-ცივილიზაციური მრავალფეროვნება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ხოლო საერთაშორისო სამართალზე აგებული მრავალპოლარული სამყარო ხსნის ახალ შესაძლებლობებს საერთო საფრთხეებთან საბრძოლველად და ყველა სახელმწიფოს ძალისხმევისა და პოტენციალის გაერთიანების გარეშე მათი დაძლევა შეუძლებელია.
„აშკარაა, რომ მსოფლიოში დაძაბულობის შემცირება, სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში საფრთხეებისა და რისკების დაძლევა, ქვეყნებს შორის ნდობის დონის ამაღლება და მათი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა მხოლოდ თანამედროვე მრავალპოლარული სამყაროს სისტემის ფუნდამენტური გაძლიერებითაა შესაძლებელი. უნიპოლარული მსოფლიო წესრიგის ეპოქა წარსულს ჩაბარდა. სწორედ მრავალპოლარული მსოფლიო, რომელიც აგებულია საერთაშორისო სამართალზე და უფრო სამართლიან ურთიერთობებზე, ხსნის ახალ შესაძლებლობებს საერთო საფრთხეებთან საბრძოლველად. მათ შორისაა რეგიონული კონფლიქტები და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ტერორიზმი და კიბერდანაშაული“, – განაცხადა პუტინმა.