jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება.

Pfizer-ის განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.

„FDA-ს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, — წერს განცხადებაში Pfizer-ი.

პრეპარატზე ჩატარებულმა კლინიკური ცდების მესამე ფაზამ აჩვენა, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში ტკივილს ის სულ რაღაც 15 წუთში ამსუბუქებდა.

„Zavzpret-ი სწრაფად შთანთქმადი ცხვირის სპრეია და მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტკივილის გაყუჩება ესაჭიროებათ, მაგრამ ორალურ პრეპარატებს პირღებინების გამო ვერ იღებენ“, — ამბობს ახალი ინგლისის ნევროლოგიისა და თავის ტკივილის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორი ქეთლინ მულინი.

პრეპარატის ორმაგად ბრმა ცდები 1405 ადამიანზე ჩატარდა. ნახევარს სპრეის ერთი დოზა მისცეს, ნახევარს კი პლაცებო.

აღმოჩნდა, რომ ორი საათით ადრე დაწყებული შაკიკის ტკივილს სპრეი მნიშვნელოვნად ამცირებდა.

Zavzpret-ი, ასევე ცნობილი, როგორც Zavegepant-ი, შაკიკის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად Pfizer-მა კომპანია Biohaven-ისგან შარშან შეიძინა 10 მილიარდ დოლარად.

ამერიკის შაკიკის ფონდის მონაცემებით, შაკიკის თავის ტკივილი დაახლოებით 39 მილიონ ამერიკელს აწუხებს.

წყარო: Agence France-Presse

ავტორი
მირანდა შურღაია
442