ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ მიიღოს სამგზავრო დოკუმენტები, პასპორტები, რომლებიც რუსეთმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასცა. გადაწყვეტილება მიიღეს 540 ხმით, 6 წინააღმდეგ, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტმა დაამტკიცა მანდატი საბჭოსთან მოლაპარაკებისთვის საკანონმდებლო წინადადებაზე - რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში და საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ, ვიზის გაცემის მიზნით ან ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკვეთისას.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ყირიმის და სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიას ანექსია უკანონოა და რომ ევროკავშირმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამიტომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და EEA-ს (ევროპის ეკონომიკური ზონა) მოკავშირეებმა აღარ უნდა მიიღონ ამ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტები.
წინადადების თანახმად, კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, რომლებიც შემდგომში არ უნდა იქნას მიღებული, ამბობენ ევროპარლამენტარები.