1-ელი ნოემბრიდან ევროკავშირის ბაზარზე შესულ ყველა ამანათზე 2 ევროს ოდენობის დამატებითი გადასახადი ამოქმედდა, რაც ჩინეთიდან დაბალფასიანი იმპორტის მკვეთრი ზრდის ფონზე გადაწყდა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ახალი ზომა გადაზიდვების მზარდი რაოდენობის დამუშავებისა და მონიტორინგისთვის ევროპის საბაჟო სამსახურების ხარჯის დაფარვას ისახავს მიზნად.
დამატებითი გადასახადი ყველა ამანათზე, მათი ღირებულების მიუხედავად ვრცელდება. მას სავაჭრო პლატფორმები, გამყიდველები ან გადამზიდავები გადაიხდიან, ხოლო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ააგროვებენ. შემოსავლის 75% ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში შევა, ხოლო დარჩენილი 25% წევრ სახელმწიფოებს დარჩებათ.
ახალი დამატებითი გადასახადი იმ 3-ევროიან მოსაკრებელს დაემატება, რომელიც 150 ევროზე ნაკლები ღირებულების მცირე ამანათებს ეხება და ივლისიდან მოქმედებს. ეს ზომა დროებითია და ძალაში დარჩება 2028 წლამდე, როცა განბაჟების ახალი IT-სისტემა ამოქმედდება.
ევროკავშირი რეგულაციებს ჩინური ონლაინ-პლატფორმებიდან, მათ შორის, Temu-დან, Shein-დან და AliExpress-დან გადაზიდვების სწრაფი ზრდის ფონზე ამკაცრებს. 2024 წელს ევროკავშირში შესული მცირე ამანათების 91% ჩინეთიდან იყო. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ბაზარზე ყოველდღიურად, დაახლოებით, 5 მლნ ასეთი ამანათი შედის, რაც ევროპელ საცალო მოვაჭრეებს მნიშვნელოვან კონკურენციას უქმნის.
ივლისის ტარიფმა იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირება უკვე გამოიწვია. კერძოდ, ივლისიდან სექტემბრის პერიოდში ევროკავშირში შესული მცირე ამანათების რაოდენობა 60%-ით შემცირდა. თუმცა ფულადი თვალსაზრისით მათი ოდენობა მაღალი რჩება.
ბრიუსელი, ასევე, ევროკავშირის რეგულაციების დამრღვევი საქონლის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს. სექტემბერში ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, რომ ევროკავშირის ეკონომიკურ ოპერატორს იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისროს იმპორტირებული პროდუქციის ევროკავშირის რეგულაციებთან შეუსაბამობისთვის. მაისში ევროკომისიამ Temu 200 მლნ ევროთი სახიფათო საბავშვო სათამაშოებისა და გაუმართავი დამტენების გამო დააჯარიმა, ხოლო Shein-ის მიმართ გამოძიება აკრძალული პროდუქციის გაყიდვისთვის მიმდინარეობს.