„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც მომავალ კვირას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატორები იქნებიან. Financial Times-ს ორმა ადამიანმა უთხრა, რომ ზომები მოიცავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, მიზანმიმართულ სანქციებს და ევროკავშირის სახსრების გაყინვას.
საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური პირების ინფორმაციით, ევროპული დედაქალაქები განიხილავენ „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კანონის მიღებას წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება ბრიუსელიდან, რომ კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი უკუსვლა იქნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. პროცესს ახლავს საქართველოს მოქალაქეების პროტესტი. ამასთან, აშშ-ს კონგრესის წევრებმა მოუწოდეს ბაიდენის ადმინისტრაციას სანქციების მომზადებისკენ.
„ევროკავშირი, სავარაუდოდ, ვაშინგტონზე ნელა იმოქმედებს, რადგან ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ შეიძლება უკუშედეგი მოიტანოს, ვინაიდან ბოლო კვირების განმავლობაში, ათიათასობით ქართველი ევროკავშირის დროშებით გამოვიდა ქუჩებში კანონის გასაპროტესტებლად“, - წერს Financial Times-ი.