„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ამის შესახებ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
„არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების 3.73 პროცენტს შეადგენს, ნიკა მელია 16 476 ხმა – 40 პროცენტი, გიორგი მუმლაძე 1 516 ხმა – 3.68 პროცენტი, ლევან ხაბეიშვილი 21 656 ხმა – 52.58 პროცენტი“,- განაცხადა ნაყოფიამ.
არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა.
საარჩევნო პროცესი ბლოკჩეინის პრინციპით, ფარულად მიმდინარეობდა.