სასწრაფო დახმარების გერმანელმა ექიმმა იენს კლაინეფელდმა კრისტიან ერიკსენის შესახებ ისაუბრა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დანიის ნაკრების 'ათიანს' მოედანზე დახმარება აღმოუჩინა და გადაარჩინა.
"გულის მასაჟიდან დაახლოებით 30 წამში კრისტიანმა თვალები გაახილა და მასთან საუბარი შევძელი. ვკითხე: 'დაბრუნდი?' მან მიპასუხა: 'დიახ, აქ ვარ' და მერე დაამატა: 'Oh Shit, მე ხომ ჯერ მხოლოდ 29 წლის ვარ."- ამბობს ექიმი.
მისივე განმარტებით, იმ მომენტში 99%-ით დარწმუნებული იყო, რომ პაციენტი სტაბილური იყო და კლინიკაში გართულებების გარეშე მივიყვანდნენ.
როგორც ექიმმა "ბილდს" განუცხადა, დანიის ნაკრების ექიმმა თავიდან მდგომარეობის სიმძიმე შესაბამისად ვერ აღიქვა.
"მე ტრიბუნების მოპირდაპირე მხარეს ვიყავი, როცა ეს მოხდა. თავიდან არაფერი მიფიქრია, მერე დავინახე, რომ დანიელი ექიმი საკმაოდ დაძაბული იყო. მივხვდი, რომ ჩვეულებრივი დაზიანება არ იყო. ფეხბურთელებმა ხელები თავზე წაიშინეს და შემდეგ ჩემს კოლეგებს ვუთხარი, რომ მოედანზე უნდა გავსულიყავით. მას გულის მასაჟი გავუკეთე. დანიის ნაკრების ექიმმა თავდაპირველად ვითარების მასშტაბები ვერ გააცნობიერა, მაგრამ ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგები იყო, როდესაც დავინახე, როგორ ცდილობდნენ მისთვის ენის დაჭერას. საბოლოოდ, სასიამოვნო მომენტი იყო, როდესაც ერიკსენმა თვალები გაახილა", - აღნიშნა კლაინეფელდმა.
29 წლის ფეხბურთელს გულში იმპლანტირებულ კარდიოვერტერულ დეფიბრილატორს ჩაუდგამენ, რათა ორგანოს მუშაობა დარეგულირდეს. შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენმა დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩის დროს გულის შეტევა მიიღო და მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.