„ექსპო ჯორჯიაში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მისვლას ადგილზე მყოფი აქტივისტების ხმაური მოჰყვა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, აქტივისტების განცხადებით, კერძო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მათ ფიზიკურად შეეხნენ.
„მოძრაობა საქართველოსთვის” და „შეცვალეს” აქტივისტების განცხადებით, გიორგი გახარია საქართველოში წარმოადგენს რუსეთს და „ის არის „ქართული ოცნების” გეგმა ბ“.
მათივე თქმით, გიორგი გახარია ყველაზე წარუმატებელი პრემიერი იყო.
"აქ სამართალდამცავები საერთოდ არ არიან მობილიზებულები, დაპირისპირება განაპირობა იმან, რომ უნდოდათ ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვა. ჩვენ მოვედით მშვიდობიანად, საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ გახარია არის ის პოლიტიკოსი, რომელმაც ახალგაზრდების სისხლისღვრის ბრძანება გასცა. "ალგანის” თანამშრომლებმა, რომლებიც ადგილზე არიან მობილიზებული ყველაფერი გააკეთეს, რომ სიტუაცია დაეძაბათ, თუმცა ყველაფერი დროულად განიმუხტა”, - განაცხადა "მოძრაობა საქართველოსთვის” წევრმა ბექა პაპაშვილმა.