ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმისათვის რომ ვაქცინაციის პროცესი უწყვეტი იყოს, ქვეყანაში ვაქცინა საკმარისია.
ჟურნალისტის კითხვაზე სავარაუდოდ რამდენი დოზაა დარჩენილი ქვეყანაში, მინისტრმა უპასუხა, რომ ამის თქმა არ უნდა.
"თქვენ მაინც ცდილობთ მათქმევინოთ ის, რისი თქმაც არ მინდა, ვინაიდან, ეს მერე იწვევს გარკვეულ სპეკულაციებს, ეს არის ეტაპობრივი პროცესი, დღესდღეობით ჩვენ გვაქვს საკმარისი დოზები იმისათვის, რომ არ მოხდეს ვაქცინაციის წყვეტა. პრეპარატი არის, ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტი არ არის.
ეტაპობრივად ვახორციელებთ როგორც ბრიგადების დამატებას, ასევე იმ საჭირო ადგილების დამატებას, რის შემდეგაც ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ თავისუფლად ვაქცინირებას.
მნიშვნელოვანია ის, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე საუბარი ყოველთვის გვქონდა, რომ დაიწყება მესამე კვარტალში. მესამე კვარტალი დადგება და ჩვენ დავიწყებთ მასობრივ ვაქცინაციას, აქედან გამომდინარე არანაირი ცვლილება გეგმაში არ მომხდარა და ვაქცინაციის პროცესს რისკი არ აქვს," - განაცხადა ტიკარაძემ "დღის კურიერში" საუბრისას.
ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში ვაქცინაციის დანიშნულებაზეც გაამახვილა ყურადღება.
"ვაქცინაცია ინფიცირებისგან არ გვიცავს, ვაქცინაციის მთავარი ამოცანა ვირუსის მარტივად დაძლევაში მდგომარეობს". - განაცხადა ტიკარაძემ.