ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. მაშველები ამ დროისთვის 6 ადამიანს ეძებენ.
როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, რომელმაც ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიქცია.
„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და პირველ რიგში, მინდა დაღუპულების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ფაქტია, რომ ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, 1 ადამიანი ცოცხალია, სამწუხაროდ, 3-ის ცხედარი ვიპოვეთ და დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ამ ლოკაციაზე იმუშაოს, ცოცხალი ძალა და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს,“ - აცხადებს შალამბერიძე.
ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. მაშველებმა 3 ცხედარი იპოვეს, ერთი ადამიანი კი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.