ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, პანსიონატში მცხოვრებ შშმ პირებსა და თანამშრომლებს, საპარლამენტო არჩევნებისთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია, რომ უზრუნველყოს ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობების და შესაფერისი საარჩევნო გარემოს შექმნა.
შშმ პირებმა, თანამშრომლებთან ერთად, იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. კერძოდ, ბენეფიციარებმა, პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.