საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რუსეთის გავლენასთან დაკავშირება არ შეიძლება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“არანაირად არ იყო საჭირო ამ კანონპროექტს რუსული დარქმეოდა. საქმე იმაშია, რომ საბოლოო ჯამში, ალბათ, საკუთარ შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე ზრუნვა პირველმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო, რომლებმაც FARA მოიფიქრეს. სწორედ მათ შემოიტანეს ეს პრაქტიკა. ამიტომ ეს არანაირი რუსული [პრაქტიკა არ არის], ბევრი სახელმწიფოსთვის ნორმალური პრაქტიკაა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა გარე ზემოქმედებისგან დაიცვან საკუთარი თავი - უცხოური გავლენისგან შიდა პოლიტიკაზე”, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ყველა ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით იღებს ზომებს, მაგრამ ყველა კანონპროექტი ერთ მიზანს ემსახურება.
„ამ შიდაპოლიტიკური პროცესის ანტირუსული განწყობების პროვოცირების ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ - საეჭვოა, რომ ეს იმპულსები საქართველოს შიგნიდან მოდიოდეს. ისინი რასაკვირველია გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის. და ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება”, - განაცხადა პესკოვმა.