დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერი ფაბრიკაციას უწოდებს იმ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც მედიაში გავრცელდა. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ, არაერთ მედიასაშუალებაში მეილზე მივიდა ასობით ფაილი, რომელსაც ეწერა, რომ სუს-იდან იყო გამოტანილი. მედიის წარმომადგენლების ნაწილმა გავრცელებული ფაილები გაშიფრა და საზოგადოებაც გააცნო. ინფორმაცია ძირითადად სასულიერო პირებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ. ასევე, ჩანაწერებით ირკვევა, რომ უსმენენ ყველას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს.
„თუ თქვენ მხედველობაში გაქვთ ის ფაბრიკაცია, რაც „მთავარმა არხმა“ და “TV პირველმა” გაავრცელეთ, ამაზე უკვე გავაკეთე განმარტება. ეს არის ფაბრიკაცია, შეთქმულება და შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, ხოლო რაც შეეხება მოსმენებს, ყველა ქვეყანაში ხორციელდება მოსმენები კანონის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, კანონის ფარგლებში”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.