დღეს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოდის. ამის შესახებ მან გუშინ ორბელიანების სასახლეში შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ონლაინჩართვისას განაცხადა.
ვიზიტის ფარგლებში ის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეგახსენებთ: ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელი მმართველმა ძალამ და ოპოზიური პარტიების ნაწილმა მოაწერეს. კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.
დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში დაესწრო.
როგორც ცნობილია, დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.