დღეს ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი ყოველგვარი უცხოური ჩარევებისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო. ამას არ ვამბობ შემთხვევით – ქართული სასამართლო. ეს არის ქართული ინსტიტუცია, ინსტიტუტი, რომელიც გამართულად მუშაობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან პატრიოტი საქართველოს მოქალაქეები. მე, როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი ხელისუფლება არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში, ეს არის დაუშვებელი.
საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპულ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პირველ ადგილზეა კანონის უზენაესობის მიხედვით და ზოგადად მართლმსაჯულების გამართული სისტემის მიხედვით. საერთოდ რაზეა საუბარი?“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია, იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო.
„ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვიყოთ და ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ უნდა მოიწვიოთ უცხოეთის მოქალაქეები. ჯერ ერთი, ვინ დასვა, ვინ შეამოწმა მათი კეთილსინდისიერება? საერთოდ, თავმოყვარეობა არ გვაქვს ჩვენ, დამოუკიდებელ ერს, ამხელა ისტორიის ერს, რომ არ მოვიწვიოთ გარედან უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მათ არ შეგვიმოწმონ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება? ყველა მოსამართლეს აქვს გამოცდილება საკმარისზე მეტი, 20 და 30 წელი. ისინი არ მოსულან გუშინ და გუშინწინ.
2012 წელს რომ მოვედით ხელისუფლებაში, მათი პირველი რეკომენდაცია კი არა, პირდაპირ ინსტრუქცია, დავალება იყო, რომ არ შეეხოთ სასამართლოს. მაშინ მოსამართლეებმა თავად აირჩიეს ეს ადამიანები. ჩვენ აბსოლუტურად არ ჩავრეულვართ სასამართლო სისტემაში. დღემდე 300 მოსამართლე თავად წყვეტს საკუთარ სისტემის ბედს, თავად მართავენ სისტემას და ჩვენ არავითარი ჩარევა არ გვაქვს. ამიტომ კეთილი ინებონ და პატივი სცენ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობას.
ეს არის საერთოდ დიდი აბსურდი, ამაზე რომ გვიწევს საუბარი. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის არის შეურაცხმყოფელი, რომ ქართული სასამართლოს და მოსამართლეების კეთილსინდისიერება შეგვიმოწმონ უცხოეთის მოქალაქეებმა.
გახსოვთ, რამდენი მაგალითი არსებობს. იგივე გააკეთეს უკრაინაში, თუ არ ვცდები, და სხვაგანაც. ამაში ჩართული იყვნენ ვინ, ადეიშვილი და ვიღაცები. როგორ შეიძლება ადეიშვილისნაირმა ბოროტი სისტემის არქიტექტორმა – ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი სააკაშვილთან ერთად ეგ იყო – შეამოწმოს დღეს ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება? ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი, აბსოლუტურად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.