global distribution
გარე ავეჯი

2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

სხდომის დღის წესრიგის თანახმად, PACE-ს მომხსენებლები საქართველოს საკითხებში, ედიტე ესტრელა (პორტუგალია) და საბინე ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) წარადგენენ რეზოლუციას „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ასამბლეა ღრმად წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.

"დემოკრატიის სწრაფმა უკუსვლამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას",- წერია დოკუმენტში.

ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად არ შესრულდა, რაც აშკარაა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გადაწყვეტილებიდან, არ მიიღონ მონაწილეობა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში.

ასამბლეა სინანულს გამოთქვამს, რომ ამ არჩევნებს არ დააკვირდებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების კარგი რეპუტაცია აქვთ, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის გამო. ასამბლეა ღრმად წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიწვია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი არჩევნებზე დასაკვირვებლად. ასევე წუხს, რომ ეუთო/ოდირის დასაკვირვებლად მოწვევა განზრახ დაგვიანებით გაიგზავნა, რამაც მათი დაკვირვება შეუძლებელი გახადა.

ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს საქართველოში ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. ამ მხრივ, იგი გმობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის არაპროპორციულ და პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას შეთხზული ბრალდებებით.

რეზოლუციაში დაგმობილია "ქართული ოცნების" გეგმა ოპოზიციის აკრძალვასთან დაკავშირებით და წერია, რომ ასამბლეის აზრით, დემოკრატიული ოპოზიციის ასეთი აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს საქართველოში, რაც შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან.

ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ქვეყანაში დემოკრატიის ნგრევა.

111