დღეს, 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დებატების თემაა "დემოკრატიული უკუსვლა და საფრთხეები პოლიტიკური პლურალიზმისთვის საქართველოში".
დღის წესრიგის თანახმად, საკითხზე მოხსენებას წარადგენს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. 8 ოქტომბრის განხილვას კი მოჰყვება 9 ოქტომბერს შესაბამის რეზოლუციაზე კენჭისყრა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში საქართველოს შესახებ დაგეგმილ განხილვებზე გუშინ, 7 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გააკეთა კომენტარი. პაველ ჰერჩინსკის თქმით, მომდევნო დღეებსა და კვირებში საქართველოში არსებული ვითარება განხილული იქნება ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის, რაც ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულნი არიან.