დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო ავრცელებს.
ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი მხეიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე ესწრებოდნენ.
ირაკლი მხეიძის თქმით, პროგრამის მთავარი მიზანია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სოფლად განსახლების შემდეგ, დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს, საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში თუ გაფართოებაში შევუწყოთ ხელი. მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, სრულად ინტეგრირდნენ და აღარ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებაზე“, – განაცხადა ირაკლი მხეიძემ.
ამ ეტაპზე, ხელის ტრაქტორი იძულებით გადაადგილებულ 107 პირს გადაეცა, მათ შორის 86-ს შიდა ქართლის რეგიონში. დევნილებისა და ეკომიგრანტების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებს სააგენტო, ყოველწლიურად, ახორციელებს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.