ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი დაიწყო - ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საწყის ეტაპზე, რიგითობის შესაბამისად, განაცხადების მიღების პირველ დღეს შემოსული დოკუმენტაცია დამუშავდა და გადამოწმების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადაეცა. სპეციალური ჯგუფები მუშაობას მთელი საქართველოს მასშტაბით წარმართავენ.
სამინისტროს განმარტებით, მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც უშუალოდ კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება.
პარალელურ რეჟიმში, პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის პარალელურ ალტერნატივად ახალი ფულადი პროგრამა შესთავაზა. ინიციატივის თანახმად, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც არ სურთ ბინის ან სახელმწიფოს მიერ სახლის შესყიდვის რიგში ლოდინი, შეუძლიათ უარი თქვან საცხოვრისზე და სანაცვლოდ მიიღონ ერთჯერადი ფულადი თანხა - 10 000 ლარი თითო უფლებამოსილ წევრზე.
პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათთვის, ვინც თანხის მიღებაზე უარს იტყვის, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და "სოფლად სახლის" პროგრამა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული ტემპით ყველა დარჩენილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფას კიდევ სულ მცირე 10 წელი დასჭირდება. სწორედ ამიტომ მთავრობამ ფულადი გასაცემლის პროგრამა აამოქმედა, რისთვისაც ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 58 მილიონი ლარი გამოიყო.