2012 წელს მივიღეთ ადამიანის უფლებათა სტრატეგია, რომელმაც თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა ჩვენს მოქალაქეებს, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში რადიკალურად გავაუმჯობესეთ ვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანამ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ადამიანის უფლებების მიმართულებით.
„ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩავაბარეთ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ამაყად, თამამად ითქვას, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. ამასთან, ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართაც გვაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი.
ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2012 წელს რეალური თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა ჩვენს მოქალაქეებს. მივიღეთ პირველი ადამიანის უფლებათა სტრატეგია. ამ დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ რადიკალურად გავაუმჯობესეთ სიტუაცია საქართველოში. ჩვენთან გარანტირებულია ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება. 10 დღეში შეიძლება, გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია. არავითარი ბარიერი არ იქნება მთავრობის მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც, ოპოზიციური ტელეარხებიც და სიტუაციაც არის რადიკალურად გაუმჯობესებული.
მთავარ იდიკატორს მოვიყვანდი მაგალითად, რომელიც ხაზს უსვამს, რეალურად რა ვითარებაა საქართველოში. 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 ათას, 5 ათას საქმეს. დღეს ეს საქმე შემცირებულია 150-მდე. ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ როგორი შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ადამიანის უფლებების მიმართულებით.
რაც შეეხება დემონსტრაციებთან დაკავშირებულ კითხვას, დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი. ყველა ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვები, უშედეგოდ დასრულდა. მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის წინსვლას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.