ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ინფექციის ზრდის ტემპმა ქვეყანა შეძრა. ის მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ვიყავით თავდაჯერებულები, ჩვენი სულისკვეთება ამაღლდა მას შემდეგ, რაც წარმატებულად გავუმკლავდით პირველ ტალღას, თუმცა ამ შტორმმა შეარყია ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მოდიმ რადიომიმართვისას.
უკვე ოთხი დღეა, ინდოეთში ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა გლობალური მასშტაბით რეკორდულად მაღალია. დელიში საავადმყოფოები პაციენტებს ვერ იღებენ ჟანგბადისა და საწოლი ადგილების მწვავე უკმარისობის გამო. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მძიმე პაციენტები რიგს საავადმყოფოს გარეთ ელოდებიან.
დელის მთავარმა მინისტრმა არვინდ კეჯრივალმა დედაქალაქში ვირუსის გადაცემის შეკავების მიზნით, ლოკდაუნი, რომლის ვადა ორშაბათს იწურებოდა, კიდევ ერთი კვირით გაახანგრძლვა.
„ლოკდაუნი იყო უკანასკნელი იარაღი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გვქონდა, კორონავირუსის შემთხვევები ისე სწრაფად მზარდია, რომ ჩვენ მოგვიწია ამ იარაღის გამოყენება“, – განაცხადა დელის მთავარმა მინისტრმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 350 ათასამდე შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 2 767 ადამიანი.