gorgia
ავერსი legi

ექიმებმა დაადასტურეს, რომ საზღვარგარეთიდან ელოდებიან ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა შეაფასონ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის შესახებ სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, საპატრიარქოს თანამშრომელმა და დეკანოზმა, თეიმურაზ თათარაშვილმა კავკასიის მედიცინის ცენტრთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც ექიმები ამბობენ, კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც თუ ისე სახარბიელოა.

„მუდმივად, პაუზის გარეშე მიმდინარეობს საჯანმრთელო პარაკლისების აღვლენა, რომელსაც საგანგებოდ მოწყობილ სიწმინდეებთან და ხატების კუთხესთან იხდის ესა თუ ის სასულიერო პირი. დაახლოებით 10-15 წუთის წინ მედპერსონალი შეხვდა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საერო ადამიანებს. მათ კიდევ ერთხელ ბოლო ინფორმაცია მიაწოდეს მისი უწმინდესობის არსებული ჯანმრთელობის შესახებ. განაცხადეს, რომ მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა სამედიცინო და ადამიანური რესურსი ჩართულია ამ განკურნების, სასწაულებრივი გაუმჯობესების ვითარებაში. მათ დაადასტურეს თავიანთ სიტყვაში, რომ საზღვარგარეთიდან ელოდებიან ძალიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეაფასონ არსებული ვითარება და თავიანთი სიტყვა თქვან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დეკანოზმა თეიმურაზ თათარიშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. ექიმების ინფორმაციით, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

70