gorgia
ავერსი legi

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გარემოს დაცვის მინისტრს, იდიტ სილმანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს კლიმატის ცვლილებების ფონზე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებზე.

დავით სონღულაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის გასაძლიერებლად, კლიმატის მდგრადობის გასაუმჯობესებლად და მდგრადი, დაბალი ემისიების მქონე ეკონომიკაზე გადასვლის დასაჩქარებლად მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ვახორციელებთ პოლიტიკას, რომელიც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ვალდებულებებს, აძლიერებს ჰაერის ხარისხის მართვას, აფართოებს დაცულ ტერიტორიებს და ახდენს ნარჩენების მართვის მოდერნიზებას“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

დავით სონღულაშვილმა ისრაელთან გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება; განსაკუთრებით აღინიშნა წყლის რესურსების რაციონალური მართვის საკითხი; კერძოდ, ეროვნული წყლის რესურსების მართვის სისტემის რეფორმირების პროცესი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის პოლიტიკის გაზიარების კუთხით, განსაკუთრებით კი, შესაბამისი სააგენტოების თანამშრომლობისათვის.

დავით სონღულაშვილმა ნარჩენების შემცირების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პლასტმასის მავნე ზეგავლენისგან თავის ასარიდებლად ახლად მიღებული რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა. რეგულაცია კრძალავს საკვებთან შეხებაში მყოფი პლასტმასის გარკვეული ნივთების გამოყენებას.

„ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ალტერნატივებს, რომლებიც უფრო ბიომეგობრული გადაწყვეტილებებია. ისრაელის გამოცდილება მოწინავეა გადამუშავების ტექნოლოგიებში, ნარჩენებისგან ენერგიის მიღების სისტემებში და ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკაში“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 100 დაცული ტერიტორია არსებობს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს ფარავს. მინისტრის განცხადებით, თანამშრომლობა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ისრაელის ეროვნული პარკების სააგენტოს (INPA) შორის ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მდგრადი ტურიზმის განვითარებას.

ისრაელის გარემოს დაცვის მინისტრმა, იდიტ სილმანმა დავით სონღულაშვილს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თანამშრომლობა ხელს უწყობს მსოფლიო გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებით არსებული გამოწვევების ფონზე.

ისრაელის სახელმწიფოში გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ზაზა კანდელაკი და საქართველოს საპატიო კონსული მენი ბენიში ესწრებოდნენ“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

79