gorgia
ავერსი legi

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კენიის რესპუბლიკაში, გაერო-ს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ფარგლებში ბელგიის კლიმატისა და ეკოლოგიის მინისტრს, ჟან-ლუკ კრიუკეს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, გარემოს დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო დაფინანსება, გაძლიერდა ინსტიტუციური შესაძლებლობები, რამაც ხელი შეუწყო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გაძლიერებას.

„შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა გარემოსდაცვით რეფორმებსა და პროგრესზე, მათ შორისაა: 2030 წლისთვის სათბური აირების გაფრქვევების 47 პროცენტით შემცირების ვალდებულება, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიზნის მიღწევა, ადრეული შეტყობინების სისტემების განვითარება და ცირკულარული ეკონომიკის მხარდაჭერა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი მიმართულების დირექტივიდან 21 უკვე ქვეყნის კანონმდებლობაშია ინტეგრირებული, ხოლო დარჩენილი ექვსის ინტეგრირება 2028 წლის ბოლომდე დასრულდება.

მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, თანამშრომლობა გააძლიერონ ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ტექნიკური დახმარების მიმართულებით“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

შეხვედრის ბოლოს დავით სონღულაშვილმა ბელგიის სამეფოს მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. შეხვედრას, დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში და აფრიკის კავშირში მუდმივი წარმომადგენელი გია მაჭარაძე ესწრებოდნენ.

104