მას შემდეგ, რაც მედიაში ქვეყანაში შესაძლო შეზღუდვების დაწესების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტრომ მინისტრის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ეკატერინე ტიკარაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება.
"საქართველოში კოვიდ-19 ის გავრცელების კუთხით ეპიდემიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას მეტად ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა სხვებთან შედარებით მცირეა, მ.შ. კახეთი და იმერეთი.
ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ"- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.