დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოზე კორონავირუსის დამძიმებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, 3 რეკომენდაცია წარადგინა.
საბჭოს დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ მდგომარეობის გართულების პრევენციის გზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "სამშვიდობოზე ყველა ერთად უნდა გავიდეს", რისთვისაც სოლიდარობა და გაერთიანებაა საჭირო.
"დღეს საბჭოზე სერიოზული განხილვა იყო და დაავადებათა კონტროლი ცენტრი სამი მიმართულებით, რეკომენდაციით წარვსდექით. დღეს მთავარი სამი მიმართულებაა: პირველი - ვაქცინაციის მეტი ინტენსიფიცირება, ყოველდღიური აცრების 6 500-იანი მაჩვენებელი არ გვაკმაყოფილებს და ეს უნდა იყოს სულ მცირე 3-ჯერ მეტი; მეორე - ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება. დღიურად 27 000 – 35 000 ტესტი საკმარისი არ არის იმ შემთხვევების გამოსავლენად, რომელიც დღეს ქვეყანაში ცირკულირებს, ამიტომ ტესტირება ტურისტულ სეზონზე უფრო ფართოდ უნდა ვაკეთოთ; მესამე - აღვასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია და შეზღუდვა, რომელიც დღეს არსებობს.
პირველ რიგში, ეს არის პირბადე დახურულ შენობაში და ღია სივრცეებში, სადაც გარკვეული რაოდენობის ადამიანები გროვდებიან. იმ 5 რეკომენდაციიდან, რომელსაც ჩვენ ვიძლევით, მთავარია თავის არიდება ყოველგვარი შეკრებებისგან, რა მიზნითაც არ უნდა იყოს, ბევრი სემინარი და საბავშვო ბანაკი ტარდება - ამას უნდა ავერიდოთ. თუ ტარდება რომელიმე შეკრება, ის უნდა იყოს ვაქცინირებული ადამიანებისთვის და წინასწარ გატესტილი ადამიანებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.