მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ელოდება, რომ მსოფლიოში ცირკულირებას ომიკრონის კიდევ უფრო მარტივად გადამდები შტამი დაიწყებს. თუმცა ჯერ არ არის ბოლომდე ცნობილი, კორონავირუსის ახალი ქვეშტამი იმ ადამიანების დაინფიცირებას გამოიწვევს თუ არა, რომლებმაც ომიკრონი უკვე გადაიტანეს.
CNBC-ის ცნობით, ჯანდაცვის ორგანიზაციის ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი მარია ვან კერხოვი ამბობს, რომ მსოფლიოში ომიკრონის ოთხი განსხვავებული ვარიანტი ფიქსირდება. მისივე თქმით, ქვეშტამი BA.2 უფრო მეტი კონტაგიოზურობით ხასიათდება, ვიდრე BA.1 შტამი, რომელიც ამჟამად უფრო მეტად არის გავრცელებული.
„BA.2 შტამი უფრო მარტივად გადამდებია, ვიდრე BA.1. ამიტომაც BA.2-ის ცირკულირების ზრდას ველოდებით“, - განაცხადა WHO-ს წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ვაქცინა კვლავ ეფექტიანი საშუალებაა კოვიდის სხვადასხვა შტამისგან გამოწვეული გართულებებისა და სიკვდილიანობის პრევენციისთვის.