COVID-19-ის გლობალურ პანდემიად გამოცხადებიდან 1151 დღის შემდეგ, პანდემია მსოფლიოსთვის კრიტიკულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეისუსმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
“გუშინ, საგანგებო კომიტეტი მეთხუთმეტედ შეიკრიბა და რეკომენდაციის სახით მირჩია, რომ საერთაშორისო დონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხე დასრულებულად გამომეცხადებინა. ეს რჩევა გავითვალისწინე. შესაბამისად, დიდი იმედით ვაცხადებ, რომ COVID-19 გლობალური ჯანმრთელობისთვის კრიტიკულ და საგანგებო საფრთხეს აღარ წარმოადგენს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ COVID-19 გლობალური ჯანმრთელობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. გასულ კვირას, COVID-19-ის გამო ერთი ადამიანი ყოველ სამ წუთში კვდებოდა და ეს ის მაჩვენებელია, რომლის შესახებ ვიცით. ჩვენი საუბრის პარალელურად, ათასობით ადამიანი სიცოცხლისთვის რეანიმაციაში იბრძვის და მილიონობით ადამიანი პოსტკოვიდური გართულებებით აგრძელებს ცხოვრებას. ეს ვირუსი არსად წავა. ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება. არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი, რაც გაზრდის შემთხვევების რაოდენობას და სიკვდილიანობას”, - განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ ამ სიახლის ფონზე მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებებმა პანდემიის დროს შექმნილი სისტემების ჩასანაცვლებლად არ უნდა დაიწყონ. “ეს სიახლე ნიშნავს იმას, რომ ქვეყნებმა COVID-19-ის საგანგებოდ მართვიდან უნდა გადაეწყონ და ის სხვა ინფექციურ დაავადებებთან ერთად მართონ”, - ამბობს ტედროს გებრეისუსი.
WHO-ს ხელმძღვანელი ამბობს იმასაც, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, ის საგანგებო კომიტეტის სხდომას კიდევ ერთხელ მოიწვევს. ამასთან, ტედროს გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უპრეცედენტო გადაწყვეტილებას მიიღებს და კომიტეტს შექმნის, რომელიც ქვეყნებისთვის COVID-19-ის მართვის გრძელვადიან წესებს შექმნის.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 გლობალურ პანდემიად ჯერ კიდევ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. Johns Hopkins University-ის კორონავირუსის კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, COVID-19-ით დღემდე 6,881,955 ადამიანი გარდაიცვალა.
COVID-19 მსოფლიოსთვის კრიტიკულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს - ტედროს გებრეისუსმა
284
|