ჩვენი პარლამენტი იღებს კანონპროექტს ჩვენს გარეშე და არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი ინტერესების გასატარებლად. მოცემულ ვითარებაში, ჩვენი შვილების მომავალი ბუნდოვანი და უპერსპექტივო ხდება, - ამის შესახებ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის განცხადებაში წერია.
“მოგეხსენებათ, რომ წელს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია მეთორმეტედ შეუერთდა მსოფლიო საზოგადოებას და დიდი ხნით ადრე დაგეგმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანია, რომლის მთავარი გზავნილია "ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის". წლევანდელი გზავნილი, როგორც არასდროს, ყველაზე მეტად ახლა პასუხობს მიმდინარე მოვლენებს ქვეყანაში.
ჩვენი პარლამენტი იღებს კანონპროექტს ჩვენს გარეშე და არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი ინტერესების გასატარებლად. მოცემულ ვითარებაში, ჩვენი შვილების მომავალი ბუნდოვანი და უპერსპექტივო ხდება.
მივიღეთ ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება და ვაუქმებთ 21 მარტს დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებას, რადგან საფრთხის წინაშე დგას ჩვენი შვილების უფლებრივი მდგომარეობა და ქვეყნის ევროპული მომავალი. ამიტომ გვიწევს ვითარების საპასუხოდ მოქმედება.
რაც შეეხება ჭრელი წინდების კამპანიას, ჩატარდება მოკრძალებულ და არა საზეიმო ფორმატში. არ ვაუქმებთ მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსული თანხები მთლიანად მობილიზდება ჩვენი ასოციაციის გიგოს ფონდისთვის, რომელმაც მარტო შარშან 200-ზე მეტ ბავშვს და ზრდასრულს გაუწია სამედიცინო მხარდაჭერა. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არ ფარავს დაუნის სინდრომის მქონე პირთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებს და ჩვენი გაჩერება რისკის ქვეშ დააყენებს ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
21 მარტს ჩვენ არ ვიქნებით ჩუმად. რამდენიმე დღით ადრე შეგატყობინებთ ფორს-მაჟორულ ვითარებაში დაგეგმილ აქტივობას.
წელსაც, როგორც გასულ წლებში, გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.