"გამოვთქვამ იმედს, რომ ევროკომისია ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ სხვას არაფერს არ ვითხოვთ - ჩვენ არასდროს მოგვითხოვია იმაზე მეტი, ვიდრე ვიმსახურებთ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ღარიბასვილის თქმით, საქართველომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ევროკომისია სამი რეკომენდაციის სრულად შესრულებას ადასტურებს, თუმცა ღარიბაშვილი აქვე დასძენს იმასაც, რომ მას ამ საკითხის მიმართ განსხვავებული შეხედულება აქვს.
"ჩვენ არავის არ ვედრებით, ჩვენ მხოლოდ გვიხარია მათი წარმატება, მაგრამ მათ ეს სტატუსი ავანსად მიეცათ და დაეკისრათ ვალდებულებები. ჩვენს შემთხვევაში კი პირიქით - ჯერ დაგვეკისრა ვალდებულებები და გვითხრეს, რომ ამის შესრულების შემდეგ მოგვცემენ ამ ავანსს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს საკმაოდ სამწუხარო იყო და ვფიქრობ, რომ უსამართლოც", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, საქართველო ასოცირებულ სამეულში მოწინავე ქვეყანაა და ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა.
"მედია თავისუფლების, ადამიანის უფლებების, ანტიკორუფციული პოლიტიკის, სასამართლოსა და ეკონომიკის მიმართულებით - ჩვენ ყველა პარამეტრით ვართ მოწინავე ადგილზე, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დღეს არსებულ სიტუაციაში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას წაახალისებს, შესაბამისად, ქართველ ხალხს და ხელისუფლებას დაუფასებს იმ ერთგულებას, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გამოვიჩინეთ", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე კვირაში ევროკომისია საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციის შესრულებას შეაფასებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, მისცეს თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.