ჩვენ თუ გვინდა, პარტნიორებთან ერთად შევჯერდეთ საერთო ინტერესებზე, აუცილებელია სამართლიანობა, ყველამ უნდა აღიაროს კანონის გამართული ბუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ კანონთან დაკავშირებით დისკუსიისთვის ყოველთვის მზად არის.
„უცხოელი პარტნიორებისგანაც ველოდებით პრაგმატულ მიდგომას. კანონთან დაკავშირებით გავრცელდა უამრავი ყალბი განცხადება. ბუნებრივია, ეს ქმნის ცუდ ფონს მათთვის, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მოლოდინი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა აღიარებს ამ კანონის დადებით მიზნებს, დადებით შინაარსს და ეს არის ერთადერთი გზა საერთო ინტერესების სათანადოდ რეალიზებისკენ. ჩვენ თუ გვინდა, პარტნიორებთან ერთად შევჯერდეთ საერთო ინტერესებზე, ამისათვის აუცილებელია სამართლიანობა. ამ შემთხვევაში, სამართლიანობა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ ყველამ უნდა აღიაროს კანონის გამართული ბუნება. არგუმენტები როცა არ გაქვს, ასეთ დროს შავი კამპანიის წარმოება არ უნდა გააგრძელო. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, ყველას შევთავაზოთ საჯარო დისკუსია კანონთან დაკავშირებით. დამთავრებულია პროცესი, კანონი არის მიღებული, დღემდე აბსოლუტურად ყველამ უარი თქვა საჯარო დისკუსიაზე, რადგან არავითარი სიმყარე არ ჰქონდათ საკუთარ პოზიციებში.
კანონთან დაკავშირებით დისკუსია თუ უნდათ, მოვიდნენ და დაგვიმტკიცონ, რომ რაიმე არის უარყოფითი კანონში. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი არგუმენტი ბუნებაში არ არსებობს, კვლავაც არ ველოდებით, რომ ასეთ დისკუსიასთან დაკავშირებით იქნება ღიაობა, მზაობა. ყოველთვის მზად ვართ დისკუსიისთვის, რადგან ყოველ ჯერზე ვიყავით მართალი და სადაც ხარ მართალი, იქ არ გაურბიხარ დისკუსიას და სადაც არ იყო სიმართლე, სწორედ იქ გაურბოდნენ დისკუსიას შესაბამისი სუბიექტები, მათ შორის უცხოელი პარტნიორები. ეს არ არის სწორი მიდგომა. ჯანსაღი ურთიერთობები რომ განვითარდეს, უმნიშვნელოვანესია სამართლიანობა. სწორედ ასეთ სამართლიან დამოკიდებულებას, მიდგომას ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.