ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ დაიწყო მოწოდება "ფაიზერის" მილიონზე მეტი დოზის, რომელიც უნდა მივიღოთ ძალიან მოკლე ხანში.
ამის შესახებ გაბუნიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"გუშინ დიდი ნერვიულობა იყო ამ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინ დაიწყო მოწოდება რეალურად ფაიზერის მილიონზე მეტი დოზის, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან მოკლე ხანში, გუშინ ეს იყო პირველი მოწოდება და გუშინ დაიწყო რეგისტრაცია.
ეს არ ნიშნავს, რომ გუშინ რეგისტრაცია დასრულდა და მეტს ვეღარ დავრეგისტრირდებით. ეს არის პირველი, საწყისი ეტაპი და გაგრძელდება ეს ამბავი ძალიან სწრაფი ტემპით, ანუ მომდევნო კვირიდან მე ვფიქრობ, ჩვენ გვექნება იმდენი დოზა უკვე ქვეყანაში, რომ აღარ იქნება მსგავსი აჟიოტაჟი"- განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში ფაიზერის 28 000 დოზა ჩამოვიდა, რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყო, თუმცა პორტალი გაითიშა. მოქალაქეები ჯავშნის გაკეთებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ.