ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსის მრჩევლის ზაზა წერეთელის თქმით, ზოგადად ჩინური ვაქცინების მოქმედების შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია, ამიტომ ძნელია ამ საკითხზე პასუხის გაცემა.
“ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას არის 3 თებერვლის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორმა COVID-19 ვაქცინამ ჩინური კომპანიებისგან, მათ შორის Sinopharm–მა გამოიწვია იმუნიტეტი გადამდები კორონავირუსის იმ ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც პირველად აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ მათი ეფექტი უფრო სუსტი აღმოჩნდა. კვლევა ჩატარდა ძალზედ მცირე რაოდენობის ადამიანზე. თორმეტი შრატის ნიმუში აღებულია იმ ორი ვაქცინის მიმღები პიროვნებებისგან, რომლებიც შეიქმნა ჩინეთის ეროვნული ფარმაცევტული ჯგუფის შვილობილი კომპანიის (Sinopharm) და Chongqing Zhifei ბიოლოგიური პროდუქტების ერთეულის მიერ. ნიმუშების აქტივობა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის მიმართ უფრო სუსტი იყო, ვიდრე ორიგინალი ვირუსის მიმართ და ასევე მეორე ვარიანტის მიმართაც, რომელიც ამჟამად გლობალურად ვრცელდება (ალბათ იგულისხმება ბრიტანული შტამი რაც იმ მომენტში არსებობდა), ნათქვამია ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა ვებ – გვერდზე BioRxiv, რეფერენციის თანახმად. აქტივობის შემცირება "მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ ვაქცინების კლინიკურ ეფექტურობაზე მის გავლენაზე", - თქვეს კვლევის ავტორებმა რომლებიც წარმოადგენდნე სინოფარმთან დაკავშირებული პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტს და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტს”, - განმარტა ზაზა წერეთელმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-თან.
მისივე განმარტებით, შესაბამისად ამ ინფორმაციიდან, ვაქცინის ეფექტურობა ახალი შტამების მიმართ ნაკლებია და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოში ახალი არა მარტო ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული, არამედ ბრაზილიური და ინდური შტამები ცირკულირებს, ძნელი სათქმელია რამდენად ეფექტური იქნება ეს ვაქცინები მათ მიმართ.
“რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს რამდენად გამართლებულია ამ ვაქცინის გამოყენება საქართველოში, ვერ გეტყვით რამეთუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმდენად მცირე ინფორმაციაა ამ ვაქცინის მოქმედების შესახებ, რომ მისი გამოყნების შედეგზე საუბარი უფრო მარჩიელობა გამოვა. მარჩიელობა კი ნამდვილად ვერ დაგვეხმარება ამ პანდემიის დროს”, - განუცხადა ზაზა წერეთელმა BUSINESS TIME-ს.