პენტაგონი აცხადებს, რომ დიდი ზომის ჩინური რაკეტის მოძრაობას თვალს ადევნებს, რომელიც კონტროლიდან არის გამოსული და როგორც მოსალოდნელია, დედამიწის ატმოსფეროში ამ კვირის ბოლოს შევა - წერს CNN.
აქვე საუბარია, რომ წუხილს იწვევს ის ფაქტი, თუ სად შეიძლება ჩამოცვივდეს მისი ნამსხვრევები.
თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, მაიკ ჰოვარდის განცხადებით, ჩინური წარმოების Long March 5B-ის ტიპის 22 ტონიანი რაკეტა მოსალოდნელია, რომ დედამიწის ატმოსფეროში 8 მაისს შემოვა.
მისივე თქმით, აშშ-ს კოსმოსური სარდლობა თვალყურს ადევნებს რაკეტის ტრაექტორიას.
მიუხედავად იმისა, რომ ნამსხვრევების უმეტესობა ატმოსფეროში იწვის, რაკეტის ზომა შეშფოთებას იწვევს იმის გამო, რომ დიდ ნაწილებს შეუძლიათ ზიანი გამოიწვიონ, თუ ისინი დასახლებულ ადგილებში მოხვდებიან. ჰოვარდის განმარტებით, დედამიწის ატმოსფეროში რაკეტის შემოსვლის ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით ვერ დადგინდება.
რაკეტა ჩინეთმა გასულ კვირას კოსმოსში მისი სადგურის ნაწილების გასაშვებად გამოიყენა.