5 და 6 მაისს, თბილისში, ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბუნებრივი ღვინის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი „ZERO COMPROMISE“ („ზერო კომპრომაისი”) გაიმართება. ფესტივალში ასოციაციის წევრი 100 ადგილობრივი მარანი და სხვადასხვა ქვეყნის მარნების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საქართველოს ესტუმრებიან სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის მწერლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, ესპანეთის, იაპონიის, შვეიცარიის, სამხრეთ კორეის, ნიდერლანდების, ავსტრიის, შვედეთის, დანიის, გაერთიანებული სამეფოს, მექსიკის და ავსტრალიის წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოდიან საქართველოში.
სტუმრებს შორის არიან ელის ფეირინგი - ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი და ჟურნალის „თაიმ“ მიმომხილველი, მედს ქლეფი - რესტორნის „ნომა“ მთავარი სომელიე, ჯული პეტერსონი - „Marq Wine Group”-ის დამფუძნებელი პარტნიორი, ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობი. ფესტივალზე დასწრების გარდა, ისინი დაინტერესებული აუდიტორიისთვის თბილისში სემინარებსაც ჩაატარებენ.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება შემეცნებითი და ღვინის ტურები. სტუმრები მოინახულებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, რაც ადგილობრივ მარნებს შესაძლებლობას მისცემს პოტენციურ მყიდველებს ადგილზე გააცნონ თავიანთი პროდუქცია.
ფესტივალის „ZERO COMPROMISE” მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით, საქართველოში ღვინის განათლების ცნობიერების ამაღლება, სამომხმარებლო კულტურის გაზრდა და ღვინის ტურიზმის განვითარება.
ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ); მხარდამჭერები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და Veli Store.
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N59 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა), დასაწყისი - 10.00 საათი.