ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი აირჩიეს. ხმის მიცემის შედეგები ცოტა ხნის წინ გამოცხადდა ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობაზე.
ახალი პრემიერი ხვალ შოტლანდიაში გაემგზავრება, სადაც ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან აუდიენციას გამართავს. აუდიენციაზე დედოფალი პრემიერს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაავალებს.
კონსერვატიული პარტიის ლიდერის და შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობისთვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასთან ერთად ხაზინის ყოფილი კანცლერი რიში სუნაკიც იბრძოდა.
ლიზ ტრასი მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ ბრიტანეთის ისტორიაში მესამე ქალი პრემიერი გახდა.
ხმის მიცემა კონსერვატიულ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2015 წლიდან დღემდე ლიზ ტრასი გახდება ბრიტანეთის მეოთხე პრემიერი კონსერვატიული პარტიიდან.
თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლიზ ტრასი აცხადებდა, რომ გადაუდებელ ზომებს მიიღებს დიდ ბრიტანეთში საცხოვრებელი პირობების ზრდის საკითხის მოსაგვარებლად და გამარჯვების შემთხვევაში, ერთი კვირის განმავლობაში წარადგენს სამოქმედო გეგმას ენერგიის მზარდი ფასების მოსაგვარებლად.