გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის მიმდებარედ ჰქონდა მოწყობილი.
„უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 20 ერთეული, 13 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მრგვალი ხე-ტყის (მორი).
ფაქტზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, დაწყებულია გამოძიება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.