ბოლო 24 საათში რუსებმა ხარკოვი 89-ჯერ დაბომბეს. ქალაქის მერის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ავიაიერიშების შედეგად 48 სკოლა განადგურდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიბომბა ხარკოვის ფსიქიატრიული საავადმყოფოც. უკრაინული მხარის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულების თავშესაფარში 330 ადამიანი იმყოფებოდა და მათ ნაწილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. ხარკოვში ასობით სახლი გათბობის გარეშეა დარჩენილი.
"ხარკოველები 16 დღის განმავლობაში გმირულად დგანან. 16 დღეა რუსი სამხედროები ხარკოვს ბომბავენ. მაგრამ ჩვენ ვუძლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე მივმართავ ხარკოვის მცხოვრებლებს. ძალიან ბევრი სახლი დანგრეულია. ჩვენი კომუნალური სისტემის თანამშრომლები სროლის მიუხედავად გმირულად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. დღეს ვერ მოვახერხებთ გათბობის აღდგენას. სიცივე მოდის. ძლიერი ყინვებია. მოვუწოდებ ყველას, ვისი სახლებიც ხარკოვის დაბომბვის გამო გათბობის გარეშე დარჩა, ჩავიდნენ მეტროში, სარდაფებში და თავშესაფრებში," - აცხადებს ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი