პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ კოლეგებს განუმარტა შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზი.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც შეხვედრაზე ივანიშვილის უარის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინის განცხადებას შეეხებოდა, კობახიძემ თქვა, რომ ამას თავისი კონკრეტული საფუძველი აქვს.
„თავად ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა არაერთგზის ამერიკელ სენატორებს, რატომ არ ხვდებოდა. მან განმარტა მიზეზები, ეს მიზეზები ძალიან კარგად იციან ამერიკელმა კოლეგებმა. თუ სურთ, თავად შეუძლიათ გამოიტანონ. მიზეზი არის საკმაოდ მკაფიო და კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავისი ძალიან კონკრეტული საფუძველი“,- განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი არ აკონკრეტებს, რატომ ეუბნება უარს ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე ამერიკელ სენატორებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საუბარი თავად მხარეების პრეროგატივაა.
„თუ სურვილი ექნებათ, ამერიკელ კოლეგებს თავად შეუძლიათ ისაუბრონ ამ მიზეზზე. ბატონ ბიძინას შეუძლია ისაუბროს ამაზე, თუ ექნება სურვილი. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ არ ვარ კონკრეტული მხარე ამ შემთხვევაში. ბიძინა ივანიშვილმა მიზეზი განუმარტა ამერიკელ კოლეგებს და ვინც იყო კომუნიკაციის ორი მხარე, მათი პრეროგატივაა ასეთ საკითხებზე საუბარი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილმა სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე უარი თქვა - ამის შესახებ ჯინ შაჰინმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.