საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის გამზირზე, საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუმცა თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს მერაბ კოსტავას შეგონება.
„მივესალმები ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის ღირსეულ შვილებს. ყველას მინდა მოგილოცოთ ბზობა და წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს. საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.