უკრაინის შეიარაღებული ძალების გენ.შტაბის ცნობით, ბელარუსმა სამხედროებმა უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება მიიღეს. ინფორმაციას გენ.შტაბზე დაყრნდობით უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს.
კერძოდ, გენ.შტაბის თანახმად, უკრაინა-ბელორუსიის საზღვართან, ბელარუსის ტერიტორიაზე, მობილიზებულია ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 38-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფი.
რამდენიმე დღის წინ „გარდიანი“ ამერიკის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ კონფლიქტში სავარაუდოდ მალე ჩაერთვება ბელარუსი თავისი ჯარისკაცებით.
ამ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა შტატების თავდაცვის დეპარტამენტში მაღალჩინოსნის ბრიფინგი, – რომელიც იმ პირობით გაიმართა ჟურნალისტებთან, რომ ისინი წყაროს არ დაასახელებდნენ, – რომლის თანახმადაც რუსეთმა უკრაინაში უკვე გადაისროლა მის საზღვრებთან მობილიზებული ძალების 90%.
მოლაპარაკებები რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მიმდინარეობს.