
ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.
დაიღუპნენ 7 და 5 წლის ბავშვები.
„ბათუმელების“ ინფორმაციით,, ისინი იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საკითხზე ბათუმის მერიამაც გაავრცელა განცხადება. მათი ინფორმაციით, შემთხვევა ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ მოხდა.
"უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში",- აცხადებენ ბათუმის მერიაში.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ადგილობრივი მთავრობის წევრები. იყო სიტყვიერი შელაპარაკება მათსა და ადგილობრივებს შორის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.