საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გურიაში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაურის ბახმაროსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.
კურორტ ბახმარომდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები - წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები და სხვა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გზა შემოიფარგლა ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.