„ასტრაზენეკას“ ვაქცინები არც არსად გამქრალა და არც აღმოჩენილა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, "ასტრაზენეკას" ვაქცინები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაკარგა და აღნიშნულის გამო, ეკატერინე ტიკარაძის განკარგულებით, NCDС-ში ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი შევიდა.
„არაფერი არ გამქრალა და არაფერი არ აღმოჩენილა. გიდასტურებთ მხოლოდ იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევებს სწავლობს, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა და იმას, რომ არის დეფიციტური ხარჯვა. სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს საკითხს და ისინი დღესაც იყვნენ ჩვენთან, ხოლო თავად აუდიტის სამსახური უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა პროგრამას სწავლობს. შიდა აუდიტმა მოითხოვა დოკუმენტაცია და ნახავენ, მაგრამ არავითარი გამქრალი ვაქცინები არ არსებობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, საქართველომ „კოვაქს-პლატფორმისგან“ ვაქცინები ორჯერ მიიღო და მესამე პარტია მაის-ივნისში უნდა შემოსულიყო.
„იმის გამო, რომ 22 ივნისს ვერ მოხერხდა „ასტრაზენეკას“ დოზების მოწოდება, რისი მიზეზიც არის თავად მწარმოებელი ქარხანა, მესამე პარტია ვერ შემოვიდა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა 4-5 ათასამდე დოზის დეფიციტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ პირველ ჯერზე აცრილი ყველა მოქალაქე "ასტრაზენეკათი" იქამდე აიცრება, ვიდრე 12 კვირა გავა.