საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გბაუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში “ასტრაზენეკას” გარდა ყველა სხვა შემოსული ვაქცინა 18 წლის და უფროსი მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი:
“ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასევე დარჩება მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში იქნება ეს “ფაიზერი”, “მოდერნა” თუ “ნოვავაქსი”. 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება.
შეზღუდვა შეეხება “ასტრაზენეკას”, რომელიც 45 წელს ზემოთაა მხოლოდ რეკომენდებული, რაც ჯერჯერობით ასევე დარჩება თუ განსხვავებული მტკიცებულებები არ იქნა მოწოდებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ” - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
ამჟამად საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ “ასტრაზენეკასა” და “სინოვაკის” ვაქცინები, რამდენადაც “ფაიზერისა” და “სინოფარმის” მარაგები ამოწურულია და ამ ვაქცინებით ის მოქალაქეები იცრებიან, რომლებმაც პირველი ინექცია უკვე გაიკეთეს. “ასტრაზენეკას” შემთხვევაში ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს და 45 წლამდე პირები ამ პრეპარატით იმუნიზაციას ვერ ახერხებენ, “სინოვაკი” კი ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ამ ეტაპზე, მაგალითად, თბილისში ამ ვაქცინაზე ჯავშნები ამოწურულია.